მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ადვოკატი 

11 ოქტომბერი 2021, 12:40 1452 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილური და ნორმალურია - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ისაუბრა. ნიკა გვარამიას თქმით, მასთან კომუნიკაციის დროს ცვლილებები არ შეუმჩნევიათ. 

მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, აღშფოთებულია. 

''სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე. მესმის, რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამ საკითხებით უტრირება არ ღირს, რადგან საზოგადოება გარეთ იზაფრება და  სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით. გუშინ უსმინა ყველაფერს, რაც ეთერში გადიოდა. სააკაშვილი აღშფოთებულია, რადგან ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც უფლებების დარღვევაა'' - განაცხადა გვარამიამ. 

ადვოკატმა ასევე წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი. 

„მეგობრებო, მინდა ყველას მოგმართოთ თხოვნით - ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას, ახლა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ნიჰილიზმის დათესვა, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ბევრი მეთოდით უნდა შევცვალოთ და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია, არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. მე, ჩემი მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, 30 ოქტომბრამდე ცოცხალმა მივაღწიო. ჩემს წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ“,- აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია - ეს განცხადება კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

''მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl.

როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ'' - წერია განცხადებაში. 

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეა შიმშილობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში