მოვუწოდებთ პარტიებს სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების მშვიდი გარემოს შენარჩუნებისკენ - აშშ-ს საელჩო

04 ოქტომბერი 2021, 10:09 1102 ნახვა

საქართველოში აშშ-ის საელჩო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ს საელჩო მოუწოდებს პარტიებს, პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ. საელჩოს შეფასებით, არჩევნების მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს ქართველს ხალხს, ათასობით საარჩევნო მუშაკსა და ადგილობრივ პროფესიონალ დამკვირვებელს, ვინც მონაწილეობდა 2 ოქტომბრის არჩევნებში. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდ პანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად, ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს ხშირად გამოუთქვამთ სურვილი, ჰქონდეთ მეტი ხმა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამ არჩევნებში ადგილობრივ საკითხებზე ყურადღების ნაკლებობა დაკარგული შესაძლებლობაა ამ მიზნის მიღწევის გზაზე.

ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე.

ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.

ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს", „საიას", „მრავალეროვან საქართველოსა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობას", საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. მათმა მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი.

ჩვენ შეწუხებული ვართ ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში.

სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.

ჩვენ, ასევე, ვწუხვართ იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს.

შექებას იმსახურებს პარლამენტის ბოლოდროინდელი ძალისხევა საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, წინა არჩევნებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად. მაშინ, როდესაც ზოგიერთმა გატარებულმა ზომამ მოიტანა პოზიტიური ცვლილება, საერთო წარუმატებლობა, განმეორებადი ხასიათის დარღვევების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, იმედგაცრუებას იწვევს.

ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია. რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

 

ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია.

2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ.

ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი