სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა, იგი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ომბუდსმენის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას იწყებს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.
"სამედიცინო შემოწმებას გადიოდა. შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. როგორც მან მითხრა, დაკავების დროს მარტო იმყოფებოდა და არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, შესაბამისად, მის მიმართ ძალა არ ყოფილა გამოყენებული. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც რაიმე განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის შიმშილობას აცხადებს და როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება მის მიმართ გამოტანილ მსჯავრს და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად.