სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტი​ მზადდება - განათლების სამინისტრო

30 სექტემბერი 2021, 20:12 1065 ნახვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოეხმაურა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და განიხილება დასამტკიცებლად.

უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში