გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები - სახალხო დამცველის ანგარიში

30 სექტემბერი 2021, 12:41 1034 ნახვა

სახალხო დამცველმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები.

მისივე თქმით, გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც.

„სახალხო დამცველმა არაერთი ინფორმაცია მიიღო პირთა მხრიდან კანდიდატობასა და პასიურ საარჩევნო უფლებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. შედეგად, აღნიშნულმა პირებმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ჩვენი მონაცემებით, მათგან 52 კანდიდატი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იყვნენ, 6 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 1 „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელი. კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობით, სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან. პარტიების ცნობით, კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობიაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით"– განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, ამ დროისთვის, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ან სამსახურებრივად შეავიწროვეს 69 პირი.

მისივე განცხადებით, სამსახურებრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელოში, აჭარასა და შიდა ქართლში გამოვლინდა. დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (აპარატისთვის 6 ფაქტია ცნობილი), მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი