პალმის ტოტები და ბუშტები - აქცია პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან 

21 სექტემბერი 2021, 11:48 1589 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წევრებმა პალმის ტოტები და ფერადი ბუშტები მიიტანეს. 

აქციის მონაწილეების განმარტებით, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებულ პროექტი, რომელიც ზღვაში კუნძულის მოწყობას უკავშირდება ხალხის დაცინვაა. ირონიას კი მოქალაქეებმა ორი ოქტომბრის არჩევნებზე ირონიითვე უნდა უპასუხონ. 

''როცა ქვეყანა ებრძვის მცოცავ ოკუპაციას და ხელისუფლება ვერ დგამს ქმედით ნაბიჯს. როცა ბათუმში გვყავს მერია, რომელიც ხელს აწერს სანაპიროს გასხვისებას, გვიშენებენ ყაზარმული ტიპის შენობებს. ხუთი ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა უფასო სასადილოს სარგებლობის სერვისს. ბატონი თორნიკე რიჟვაძე კი დაგვცინის, როდესაც გვეუბნება, რომ გვექნება პალმის კუნძული. რომელი დანაპირები შეასრულეს. ეს წინასაარჩევნო და ცოტა წარმოუდგენელი პროექტი მგონია ჩვენი ქვეყნისთვის'' - განაცხადა საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ''ნაციონალური მოძრაობიდან''. 

 

ლელოს წევრი კი ამბობს, რომ მაშინ როცა ახალ ბულვარში სანაპირო ზოლი მოუწესრიგებელია, ყოველი გაწვიმების შემდეგ კი ქალაქი იტბორება, წარმოუდგენელია ხელოვნური კუნძულის მოწყობა. 

''ბათუმის სანაპიროზე ხელოვნური კუნძულის აშენება გადაწყვიტა მაშინ, როცა 52 მლნ ლარია დახარჯული სანაპიროს გამაგრებისთვის და ყოველი შტორმისას, ვხედავთ რა დღეშია სანაპირო, როცა ყოველი გაწვიმების შემდეგ ვხედავთ რა დღეშია ბათუმის ქუჩები,  როცა  ახალგაზრდები სამუშაოდ გადიან საზღვარგარეთ, როცა ამ ქალაქის მთავარი პრობლემაა დასაქმება, მაშინ გვეუბნებიან, რომ უნდა აშენდეს ხელოვნური პალმის კუნძული. ამას ჩვენ მივიჩნევთ წინასაარჩევნო სპექტაკლად და ეს კამპანია, რაც იწარმოება, საქართველოს მასშტაბით არის წინასაარჩევნო, ტრაფარეტული პროცესები" - განაცხადა ალექსანდრე ფიფიამ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბათუმში პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული აშენდება. მისივე თქმით, ინვესტორთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, მშენებლობა ძალიან მალე დაიწყება და რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

აქციის მონაწილეებს ''ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა უპასუხეს. 

დავით მოისწრაფიშვილის თქმით, ეს იქნება ინოვაციური პროექტი.

''ოპოზიციას რა თქმა უნდა აღიზიანებს განვითარებისკენ მიმართული ყველა პროექტი. ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ შემოგვთავაზა, იქნება ბათუმისთვის, რეგიონისთვის, ქვეყნისთვის ძალიან კარგი და ინოვაციური. განხორციელდება სრულად კერძო ინვესტიციით. გულდასაწყვეტია, რომ ამ ყველაფერს ახალგაზრდები აპროტესტებენ'' - აცხადებს მოისწრაფიშვილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი