გიორგი გახარიას პარტიიდან წევრების გადინება გრძელდება - აღნიშნული საკითხი გახარიას გუნდში მუქარასა და შანტაჟს დაუკავშირეს. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ბათუმის მერობის კანდიდატმა ამის დასტურად ორი მაგალითი მოიყვანა - აკაკი ბეჟანიძე ქედის საკრებულოს სიის წევრი და დალი ტაკიძე შუახევის საკრებულოს სიის წევრი მათზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობენ.
ტაკიძე ირწმუნება, რომ მას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ფრიდონ ფუტკარაძის სახელით ემუქრებიან და გახარიას პარტიის რიგების დატოვებას სთხოვენ. საკითხზე სატელევიზიო კომენტარის გაკეთება ფრიდონ ფუტკარაძემ არ ისურვა და ბრალდებას სიცრუე უწოდა.