''ოცნების ქალაქში'' ხმაურია - მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ 

10 სექტემბერი 2021, 15:43 6007 ნახვა

ხელვაჩაურში ხმაური და დაპირისპირებაა. ე.წ. ოცნების ქალაქის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოქალაქეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს. 

 დასახლებაში კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მოქალაქეების განცხადებით, მთავრობისგან არაერთი დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მიიღეს პასუხი ვინ მიიღებს საცხოვრებელს და რა კრიტერიუმებით გადანაწილდება ფართები. ისინი აჭარის მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროსგან  განმარტებას და ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. 

„ოცნების ქალაქში“ ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, თუმცა ჯერ მხოლოდ 582 ოჯახისთვის. აქციაზე გამოსულებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ყველას, ვინც ახლა ამ დასახლებაში ცხოვრობს, ბინა არ მოუწიოს, რადგან დასახლებაში გაცილებით მეტი ოჯახია დასახლებული. 

აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე მივიდა. მისი განცხადებით, კრიტერიუმებზე მუშაობა ისევ გრძელდება. მოქალაქეებს კი კონკრეტულად დაპირებას წინასაარჩევნოდ ვერ მისცემენ.

რამაზ ჯინჭარაძის განმარტებას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა და გზის გადაკეტვა განმეორებით სცადეს.

იქვე იმყოფებიან სამართალდამცველები.

,,ოცნების ქალაქში'' მშენებარე კორპუსი 2021 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის ბიუჯეტში  მშენებლობისთვის 86 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი