ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

09 სექტემბერი 2021, 16:15 1020 ნახვა

ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას 15 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ თავდამსხმელს ყელში ხელყუმბარა ეჭირა.

 "გიჟივით გამოვვარდი, შემეშინდა. ხნიერი ქალიც გამოვარდა... ყველა თანამშრომელი შიგნით იყო, მენეჯერიც შიგნით იყო. ყუმბარა ეჭირა ხელში. ფულის მოთხოვნის შესახებ არაფერი უთქვამს" - ამბობს თვითმხილველი. 

"საქართველოს ბანკის" შენობიდან რამდენიმე თანამშრომელმა გამოქცევა შეძლო - ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალის მამა აცხადებს. მისივე ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადმოხტნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკის'' ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ  პოლიციელთა მითითებებს"- აცხადებენ სამინისიტროში.

ყვარლის მერის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, ასევე არაა დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში.

ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონს ითხოვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში