უხვი ნალექის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა, გარესამყაროსაა მოწყვეტილი 2 ოჯახი

02 სექტემბერი 2021, 13:50 2903 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, უხვის ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყერი ჯამში 60 ლოკაციაზე ჩამოწვა.

ამ ეტაპზე ​სოფელ აგარაში მცხოვრები 2 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, გზის გასაწმენდად მუშაობს მძიმე ტექნიკა.

ერთ-ერთი კერა, სოფელ თხილნარში დაფიქსირდა, სადაც მიწის მასა ფარტენაძეების საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა და სახლს საძირკველი ნაწილობრივ გამოუცალა.

სოფელ კირნათში, აგარაში, ერგეში კი მიწის მასა საავტომობილო გზაზე ჩამოწვა.

უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც სოფელ თხილნარსა და მიმდებარე დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ამ დროისათვის აბონენტების უმეტესობა ჩართულია და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები, ისინი ხელისუფლებას დროული რეაგირებისა და ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.

დამეწყრილ ადგილებში იმყოფებოდა ხელვაჩაურის მერის მოადგილეც. მისი განცხადებით, გეოლოგები შეისწავლიან დამეწყრილ საცხოვრებელ ადგილებს და მათი დახმარების საკითხი შემდეგ გადაწყდება.

მერიაში არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ოჯახის განსახლება გახდეს საჭირო.

შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია ხელვაჩაურის მერიისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის 20 ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში