საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება ფიქსირდება, თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ლეტალობის მაჩვენებლის შემცირებას არ ელოდებიან.
''ბოლო დღებში ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილიზაცია ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამ ეტაპისთვის ლეტალობის ტენდენციის კლების მოლოდინი.
გვყავს მაქსიმალურად გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი. თენგის ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე, მარინა ეზუგბაია მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში, მათ აქვს გაწერილი სპეციალური გრაფიკი. ისინი აზუსტებენ მკურნალობის ხარისხის იმ სტანდარტებს, რომელიც პროტოკოლით არის დადგენილი.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს და არის 1,32% შევძლებთ გავაუმჯობესოთ, რის შედეგადაც არა ერთი სიცოცხლის გადარჩენა მოხდება. თუმცა შემდგომი ორი კვირის მანძილზე ლეტალობის მაჩვენებლის კლებასთან დაკავშირებით მოლოდინი არის ნეგატიური. არ ველით შემცირებას'' - განაცხადა მინისტრმა.