უზენაესში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო - ეუთო/ოდირი

23 აგვისტო 2021, 22:00 1206 ნახვა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დღევანდელი საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებული მთელი რიგი პოზიტიური სამართლებრივი ცვლილებების მიუხედავად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის სამართლიანობასა და სანდოობაზე.

"გადაწყვეტილებამ, დანიშვნის პროცესის გაგრძელების შესახებ, მაშინ, როდესაც მას აკლდა ინკლუზიურობა და ეწინააღმდეგებოდა უკვე მიღწეულ შეთანხმებას პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენა მისი სანდოობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი საკმაოდ დაბალია. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების მეშვეობით“, - აღნიშნა ODIHR-ის დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.

ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, დანიშვნის პროცესი, რომელსაც ODIHR-მა გასულ თვეში გაუწია მონიტორინგი, წარიმართა რთულ პოლიტიკურ გარემოში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესისადმი საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე.

"პროცედურის საბოლოო ეტაპის შედეგად დაინიშნა ექვსი ახალი მოსამართლე. საგულისხმოა, რომ ეს დასკვნითი ეტაპი წარიმართა აპრილში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, რომლის თანახმად, წარდგენისა და დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ასევე, პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

იმავდროულად, დადებით შეფასებას იმსახურებს პარლამენტში კანდიდატების მოსმენების პროცესი. კანდიდატებს უსვამდნენ რთულ შეკითხვებს მთელ რიგ აქტუალურ თემებზე. ამასთანავე, მოსმენები კარგად იყო ორგანიზებული და წარიმართა მშვიდ გარემოში, უზრუნველყოფილი იყო პროცესის და წარდგენილი კანდიდატების საზოგადოებრივი შეფასების შესაძლებლობაც. ამის მიუხედავად, საბოლოო კენჭისყრა გაიმართა კანდიდატების დამსახურების შესახებ პლენარული მსჯელობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. ამას გარდა, კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი კვლავ სარგებლობს სრული დისკრეციული უფლებამოსილებით დასაბუთების გარეშე დანიშნოს ან უკუაგდოს ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას, ისევე, როგორც ODIHR-ის მიერ მანამდე გაცემულ რეკომენდაციებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ დანიშნული ექვსივე მოსამართლე მამაკაცია, იმის მიუხედავად, რომ კანდიდატების 38 პროცენტი და ორი ცხრა წარდგენილი კანდიდატიდან იყო ქალი. აღნიშნული ხაზგასმით მეტყველებს იმ საჭიროებაზე, რომ საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და მართლმსაჯულების სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად.

ODIHR-მა მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევის საფუძველზე. გუნდმა მონიტორინგი გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა კანდიდატთან ჩატარებულ გასაუბრებებს, ისევე, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს და ნომინირებული კანდიდატების საბოლოო კენჭისყრას პარლამენტში. ყველა მონიტორმა დაიცვა ODIHR-ის ფუნდამენტური პრინციპები მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის შესახებ და ამავდროულად უზრუნველყო მათი პროცესში ჩაურევლობა“,- აღნიშნულია ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებულ შეფასებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დღევანდელ ანგარიშამდე, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესთან დაკავშირებული შეფასებები გამოქვეყნებულია 2019 წლის სექტემბერში, 2020 წლის იანვარში, და 2021 წლის ივლისში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი