ჩვენ შევძლებთ ბათუმი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპულ და განვითარებულ ქალაქად - არჩილ ჩიქოვანი

17 აგვისტო 2021, 22:25 1391 ნახვა

ბატონი პრემიერის მხარდაჭერით, ბათუმი იქნება პირველი ქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მწვანე კორიდორის პროექტს განახორციელებს და ეს იქნება გარემოზე დაფუძნებული გადაწყვეტილება  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა წარდგენაზე განაცხადა.

"ძალიან დიდი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა, იყო იმ ქალაქის მერობის კანდიდატი, რომელმაც მოგცა ყველაფერი, რაც  გაგაჩნია, მათ შორის სამსახურეობრივი კარიერა, სადაც აიდგი ფეხი და სადაც გაკავშირებს ყოველი დღე, ყოველი წამი იმ ხალხთან და ადამიანებთან, რომლებთანაც გატარებული და განვლილი გაქვს  დიდი გზა.  მინდა, მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების“ ძალიან გამოცდილ, ღირსეულ და მრავალ გამარჯვებანანახ გუნდს იმისთვის, რომ მე ეს პატივი მხვდა წილად.

 საჯარო სამსახურში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება და ჩემს ქალაქთან დამოკიდებულება, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მერიის საჯარო მოხელეთა ძლიერ გუნდთან ერთად მიღწეული შედეგები და ჩვენს თანამოქალაქეებთან ყოველდღიური ურთიერთობა და ყოველდღიური შედეგები, ის, რამაც განაპირობა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს უპრეცედენტო ბიუჯეტი და განვახორციელეთ  ბევრი  წარმატებული პროექტი, საფუძველი აქვს ჩაყრილი საკმაოდ  დიდ პროექტებს, როგორც სოციალური, ისე სხვადასხვა მიმართულებით.

დავიწყეთ ახალი ბაღების მშენებლობა, სოციალური სახლების მშენებლობა, ინფრასტრუქტურული კუთხით უპრეცედენტოდ დიდი თანხა იხარჯება და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდის მიერ არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელებულა. განხორციელებულა არა ფასადურად, არამედ რეალურად, რამაც განვითარება მოუტანა ჩვენს რეგიონს. ჩვენთან დაიწყო „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა. ჩვენ დავიწყეთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა.

ბატონი პრემიერის მხარდაჭერით, ბათუმი იქნება პირველი ქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მწვანე კორიდორის პროექტს განახორციელებს და ეს იქნება გარემოზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

ძალიან ბევრი გამოწვევა კვლავ რჩება სოციალური კუთხით. 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს განვითარების თანაბარი საშუალება უნდა მიეცეს. ყველა ბათუმელი უნდა გრძნობდეს, რომ ის არის იმ დიდი ქალაქის, იმ დიდი ინდუსტრიის შვილი, სადაც თანაბრად ვითარდება როგორც ტურისტული სექტორი, ასევე ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევძლებთ, რომ წყალარინების თანამედროვე სისტემებით, უსაფრთხო გარემოთი, რეკრეაციული სივრცეებით, მოედნების მშენებლობით და ძალიან ბევრ გამოწვევაზე საპასუხოდ, ბათუმი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპულ და განვითარებულ ქალაქად.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც მხარში მედგა  ომსა თუ მშვიდობაში, ნებისმიერ ჩემს გადაწყვეტილებაში. მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებულ მეგობრებს, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილი აქაც და მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებულ პედაგოგებს, რომლებმაც დღევანდელი დღე შექმნეს ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის. მინდა მივმართო ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩემს ძვირფას ბათუმელებს, მე ვარ არჩილ ჩიქოვანი და მზად ვარ ვიყო თქვენი ხმა უკეთესი ბათუმისთვის, უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში