დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პადემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი ვაქცინაციაზე გადის. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინის საკმარისი დოზაა, ამიტომ მოქალაქეები უნდა გააქტიურდნენ.
''ქვეყანაში ''ფაიზერის'' 150 000 დოზა არის, 130 დოზა ''სინოფარმი'', ნახევარი მილიონი დოზა ''სინოვაკი'' და 15 000 დოზა ''ასტრაზენეკა''. მოგიწოდებთ ვინც არ ბრძანდებით აცრილები, მიბრძანდეთ და აიცრათ. ამის გარეშე პანდემიას ვერ დავასრულებთ.
ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს, 650 ათას აცრას გადავაბიჯებთ, სექტემბერში ეს აუცილებლად უნდა ავიდეს 800-900 ათასზე და კიდევ ერთ ამდენზე, რათა სულ მცირე, 2.5 მილიონი აცრა ჩატარდეს. თუ ეს მოხდება, ეპიდემიას სერიოზულად გავტეხთ წელში'' - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს შეკრებებისგან თავი შეიკავონ.
''საჭიროა წესების დაცვა. ამ თვეების განმავლობაში, ვიყოთ მეტად მოკრძალებულები, შევიკავოთ თავი შეკრებებისგან. სერიოზულად მიდის აღსრულება ნებისმიერი ქორწილის, ქელეხის, კონცერტის, წვეულების შემთხვევაში. არაა ახლა ამის დროს, როცა ქვეყანაში, ყოველდღიურად, 30-40 და მეტი სიკვდილის შემთხვევაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.