ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოჯახის ექიმების რესურსის გადატვირთვასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე აქვს და ამის გამო, 1 კვირის წინ, 80 ოჯახის ექიმი დაამატეს. მისივე თქმით, სამინისტრო ონლაინ კლინიკის გაფართოებაზე მუშაობს.
"რაც შეეხება 112-ს, ეს არ არის ჩემი უწყება, მაგრამ კოლეგა მინისტრთან მქონდა საუბარი და ისინიც აცხადებენ პერსონალის მობილიზებას. მაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 100 პირი არის დაკონტრაქტებული, რათა 112-ში შემოსულ ზარებზე სწრაფი რეაგირება მოხდეს.
როგორც ვიცი, 70 პირი უკვე ჩართულია საქმეში, რათა ზარების განტვირთვა მოხდეს"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ არც ერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ.
" სტაციონარიზაცია დღესდღეობით არის 13%-მდე და ამაზე ვმუშაობთ, რომ არც ერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ. პაციენტები ვინც შესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილი და გადაყვანილი კოვიდსასტუმროებში, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი დროული გადაყვანა. დღიურად, ინფიცირებულთა 13% ხვდება სტაციონარში, ინფექციის მატებასთან ერთად გამოჯანმრთელებულების რიცხვიც იზრდება და გარკვეულ პერიოდში საკმაოდ რთული იქნება პაციენტების მიღება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებისკენ წამოყვანა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.