რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

10 აგვისტო 2021, 10:02 1250 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მაისაშვილი 2 ივლისს სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით დაინფიცირდა და თვეზე მეტია ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან.

სამხრეთ აფრიკასთან პირველი ჩატარებული ტესტმატჩის შემდეგ ორივე ნაკრების შემადგენლობაში 20 მდე დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ყველაზე მძიმედ 45 წლის მაისაშვილია.

თავიდან საქართველოს ნაკრების მწვრთნელი პრეტორიაში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში გადაიყვანეს.

"ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ" - ეს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, მაისაშვილის მკურნალობაში ჩართულია, როგორც სამხრეთ აფრიკული, ასევე ქართული მხარე, ადგილზე იმყოფება რაგბის ნაკრების მთავარი ექიმი ნუცა შამათავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში