საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობას ბოლო 8 წლის განმავლობაში წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდა.
'' პირველი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება. მე პატივად მერგო აღნიშნულ ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერა.
ასევე, მინდა გამოვყო უვიზო რეჟიმის მიღწევა ევროკავშირთან, რომელიც მართლაც არის ხელშესახები და ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში.
მე მახსენდება ჯერ კიდევ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის პირველი დღეები, როდესაც, მაშინ, იმ დროინდელმა კომისარმა სესილია მალმსტრომმა გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ, იმ დროინდელი ჩემი სამინისტროს გასაკეთებელი იყო, დაახლოებით 70% ჩვენს სამინისტროზე მოდიოდა. შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის რანგში, თქვენთან ერთად, ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ წარმატებით დავხურეთ, ნაკისრი ვალდებულებები შევასრულეთ პირნათლად და 2015 წლის ბოლოს, 17 დეკემბერს, მივიღეთ საბოლოო დასტური და მწვანე შუქი ევროკავშირისგან, იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებდნენ ევროკავშირში, რაც ძალიან მალე უკვე პრაქტიკულად აღსრულდა და ეს არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ჩვენ ევროკავშირმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელშესახები პროგრესი იყო მიღწეული ნატოსთან მიმართებაში.
„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციაში ავსახეთ ჩვენი მკაფიო საგარეო პოლიტიკის კურსი და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით უკვე სამუდამოდ პროცესი გახდა შეუქცევადი.
ნატოსთან მიმართებაში, ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ გვქონდა მართლაც ხელშესახები პროგრესი, თუნდაც „JTEC“ გახსნა, თუნდაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან მიმართებაში. ყველა ცალსახად, ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო მართლაც იმსახურებს ნატოს წევრობას დღეს, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის თაობაზე საჭირო არის ყველა წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება და კონსენსუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით სტრატეგიული მოთმინების და მზადყოფნის რეჟიმში აღნიშნულ მიმართულებას და გვჯერა, რომ ერთ დღეს მართლაც გახდება ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს სამ მეზობელთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან.
,,ბოლო დროს ჩვენს მიერ გატარებული წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენ ჩვენი მედიაციით მივაღწიეთ ჩვენს ძმებთან აზერბაიჯანელებთან და ჩვენს ძმებთან, სომხებთან ერთად შეთანხმებას, რომლითაც გახდა შესაძლებელი სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის - რუკების გადაცემა, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. ეს არის წარმატებული პრეცედენტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით - სამმა მეზობელმა ქვეყანამ. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომ საქართველო გახდეს რეალურად ერთ-ერთი ინიციატორი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის და შემდგომში განვითარების მყარი საფუძველი. ის პლატფორმა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებს, აუცილებლად უნდა განვითარდეს და უნდა გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.