აჭარის ტელევიზია და რადიო, მატჩების ტრანსლირებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

06 აგვისტო 2021, 17:24 2063 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, საფეხბურთო მატჩების ტრანსლირებასთან დაკავშირებით, მაყურებლისთვის განმარტებას აკეთებს. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ახორციელებს საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამო“–ს მონაწილეობით გამართული ევროპის ლიგის მატჩების ჩვენებას. მაყურებელთა გარკვეული  ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდება თამაშების პირდაპირი ეთერის ტრანსლირება სოციალური ქსელებით და ონლაინ სამაუწყებლო პლატფორმების გამოყენებით.

აღნიშნულისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სურს განმარტოს შემდეგი: ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) მოქმედი რეგულაციებითა და საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამო“–ს მოთხოვნით, აჭარის ტელევიზიას მატჩების ჩვენების უფლება აქვს მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ეზღუდება ყველა იმ სამაუწყებლო პლატფორმის, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენება, რომელთა საშუალებითაც თამაშის პირდაპირი ეთერი შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს საზღვარგარეთ მცხოვრები მაყურებლებისთვის. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ მატჩის მსვლელობისას, სამაუწყებლო სიგნალის გლობალური გავრცელების არხებში, თამაშის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში. მის ფარგლებს გარეთ კი ხდება სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროგრამების ტრანსლირება.

მაუწყებელს კარგად ესმის, რომ ქართული კლუბების მონაწილეობით გამართული ევროპული ლიგის თამაშები მაყურებელთა დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა, ის, ვალდებულია დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს და ვერ უზრუნველყოფს მეტ ხელმისაწვდომობას. ამიტომ, მოუწოდებს გულშემატკივრებს უყურონ მატჩებს აჭარის ტელევიზიით, საკაბელო ტელევიზიებისა და ლოკალური გავრცელების სხვა პლატფორმების გამოყენებით და ასე უგულშემატკივრონ ქართულ ფეხბურთსა და ფავორიტ გუნდებს" - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი