ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკვე დაწყებულია ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცული საეკლესიო სიწმინდეთა დროებით სხვაგან განთავსებაზე.
"შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები, რომელიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებლით და ჰაერგამწმენდი სისტემებით, რაც ხელოვნების მუზეუმში არ ჰქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ოქროს ფონდი რეაბილიტაციის შემდეგ აღდგენილ ხელოვნების მუზეუმში დაბრუნდება.
„მივიჩნევთ, რომ იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მუზეუმში დაცული ნიმუშების არსებული მდგომარეობა ზუსტად უნდა აღიწეროს, შემდეგ კი, საგანძურის ს. ჯანაშიას მუზეუმში გადატანის და მათი საგამოფენო სივრცესა და ფონდსაცავში განთავსების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხიდან და უპირატესი საჭიროებებიდან გამომდინარე, თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ექსპონატების ლაბორატორიული შესწავლა და შესაბამისი პროფესიონალების მიერ რესტავრაცია-კონსერვაციის ჩატარება. ამის განსახორციელებლად ს. ჯანაშიას მუზეუმში ასევე მოეწყო სათანადო ლაბორატორია.
და ბოლოს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქოს და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომ შენობის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ, მასში უწინდებურად ხელოვნების მუზეუმი უნდა განთავსდეს და ოქროს ფონდიც, - საეკლესიო საგანძური, - დაბრუნდეს აღდგენილ მუზეუმში“, - აღნიშნულია განცხადებაში.