პირველადი შედეგებით მათემატიკის ზღვარი 17%-ზე მეტმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა

04 აგვისტო 2021, 21:35 1774 ნახვა

პირველადი შედეგების მიხედვით, 17%-ზე მეტმა აბიტურიენტმა მათემატიკის საგანში დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე საუბრობს.

მისივე ინფორმაციით, შეფასების უმაღლესი ქულა 13-მა აბიტურიენტმა მიიღო.

"2021 წელს  დაიწერა 13 უმაღლესი შეფასება - 51 ქულა (გასულ წელს დაიწერა 12 უმაღლესი შეფასება). მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წინა წლის მსგავსად, პირველადი შედეგების მიხედვით 17 % -ზე მეტმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ მათემატიკის ტესტებმა კარგად მოახდინეს როგორც მაღალი, ასევე საშუალო და დაბალი მათემატიკური ცოდნისა და უნარების აბიტურიენტების დიფერენცირება, რაც სასელექციო გამოცდის ტესტის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს. სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ტესტები იყო დაბალანსებული და კარგად მორგებული თავის მიზნებს", - აღნიშნა თედორაძემ.

​ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის პირველადი შედეგები დღეს გამოქვეყნდა, აბიტურიენტებს შედეგების გაგება, როგორც ვებ-გვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლოთ.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში