აჭარაში გვყავს ღირსეული მერობის კანდიდატები, დარწმუნებული ვარ პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევენ - თორნიკე რიჟვაძე

30 ივლისი 2021, 18:50 2134 ნახვა

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევენ - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"აჭარაში ჩვენ გყვავს ძალიან ღირსეული კანდიდატები, თითოეულ მათგანს კარგად იცნობენ მუნიციპალიტეტში, ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში მიაღწევენ გამარჯვებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდი შევინარჩუნოთ და ასევე გვყავდეს ახალი სახეები, რომლებიც ახალი შემართებით გაუმკლავდებიან გამოწვევებს".

თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერობის კანდიდატზე, არჩილ ჩიქოვანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის ერთ-ერთი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე.

"რაც შეეხება შედარებით ახალ სახეებს განსაკუთრებით ახსენეთ თქვენ, ბათუმის მერის, მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, ის არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური საჯარო მოხელე, კეთილსინდისიერი და ძალიან ერთგული ადამიანი, როგორც ამ ქალაქის, ასევე გუნდის და რეგიონის. დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმელებთან და დედაქალაქთან ერთად, ჩვენ პირველივე ტურებში შევძლებთ გამარჯვებას და შემდეგ გავაგრძელებთ იმ პრობლემებზე მუშაობას, რომელიც დარჩენილია რიგ მუნიციპალიტეტებში და რეგიონში"

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მოქმედი მერებს, რიჟვაძის თქმით, ისინი რჩებიან მმართველ გუნდში და სხვადახვა თანამდებობებზე გააგრძელებენ საქმიანობას. 

"​მოქმედი მერები შესაძლოა სხვადასხვა თანამდებობებზე განმწესდნენ. მინდა მადლობა გადაუხადო მათ გაწეული სამსახურისთვის, ისინი ჩვენს გუნდში ღირსეულ ადგილს დაიკავებენ და გააგრძელებენ ხალხისთვის სამსახურს"

თუ რატომ არ დასახელდნენ ქობულეთის და ხელვაჩაურის მერები ხელახლა მერობის კანდიდატებად, აღნიშნა, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში განახლების და გადაადგილების გადაწყვეტილება მიიღეს.

"ყველა გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის ჭრილში იქნა შეჯერებული, მათ შორის მოქმედ მერებთანაც იყო შესაბამისი კონსულტაცია,  მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ ​რიგ მუნიციპალიტეტებში გვქონოდა განახლება, გადაადგილება, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველა მოქმედი მერი ინარჩუნებს გუნდში ადგილს და ისინი გააგრძელებენ სამსახურს ხალხისთვის, რაც შეეხება კონკრეტულ პირებს ბუნებრივია ის გამოწვევები, რომლებიც გვაქვს სხვადასხვა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, საჭიროებს ახლებურ მიდგომებს, ახალ სახეებს, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას და სწორედ ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც პარტიის თავმჯდომარემ გააცნო საზოგადოებას".

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მერობის კანდიდატად დასახელებული ახალი სახეები მუნიციპალიტეტებს კარგად იცნობენ, რადგან ისინი წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ მოსახლეობას.

"ახალი სახეები, მუნიციპალიტეტს ძალიან კარგად იცნობენ, ქობულეთის და ქედის შემთხვევაში, სადაც ჩვენ ახალი კანდიდატები გვყავს, ისინი უკვე წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ მოსახლეობას, ამიტომ ისინი ძალიან კარგად იცნობენ იმ პრობლემებს. დარწმუნებული ვარ მეტი ეფექტურობით და კეთილსინდისიერებით შეძლებენ პრობლემების გადაჭრას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ორი თვე გვქონდეს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია, მოვუსმინოთ მოქალაქეების პრობლემებს. გარდა გუნდის გადაწყვეტილებისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მოსახლეობის სურვილები და პრობლემები. ის რომ დასახელებული კანდიდატები მოსახლებისთვის მისაღებია, საბოლოოდ გაფორმდება თვითთმართველობის არჩევნებზე", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ცოტახნის წინ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები დაასახელა.

ბათუმის მერობისთვის არჩილ ჩიქოვანი იბრძოლებს, რომელიც ამ ეტაპზე მერის მოვალეობას ასრულებს. ხელვაჩაურში მმართველმა გუნდმა არჩევანი ზაზა დიასამიძეზე შეაჩერა. ქედაში როლანდ ბერიძე დასახელდა, რომელიც მერის პირველი მოადგილეა. შუახევში კანდიდატი მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხოლო ხულოში მოქმედი მერი ვახტანგ ბერიძე იქნება. 

''ქართულმა ოცნებამ'' მერობის კანდიდატად აღარ წარადგინეს ქობულეთის მოქმედი მერი მირიან ქათამაძე და ხელვაჩაურის მოქმედი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი