დღეიდან მოქალაქეებს "ფაიზერით" ვაქცინაციაზე რეგისტრაციის საშუალება აჭარაში დამატებით ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში მიეცა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკების ჩამონათვალს ბათუმში - ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი "მედინა" და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაემატა.
"ფაიზერით" იმუნიზაცია მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებშიცაა შესაძლებელი. მსურველებს ჯავშნის გაკეთება ხულოს, შუახევისა და ქედის ,,ევექსის'' ჰოსპიტლებში შეუძლიათ.
გაიზარდა ამცრელი კაბინეტების რაოდენობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც, აქ მოქალაქეებს "ფაიზერით" ვაქცინაციისას დამატებით 6 ბრიგადა მოემსახურება.
დღეისათვის აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 სამედიცინო დაწესებულებაში და ორ დიდი სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობს.
მობილიზებულია 33 ამცრელი ბრიგადა. ამჟამად აჭარაში ვაქცინირებულია 51 057 მოქალაქე.