ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ასრულებდა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს განაგრძობს.
„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტი მიშელის მიმართ, ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.
ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი მათი შედეგი არჩევნებში, შეადგენს 10%-ზე მეტს.
შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური და ამავდროულად დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად. ეს ითქვა საჯაროდ და მინდა, აქვე დავადასტურო, რომ ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც, აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სტაბილურობა და განვითარება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: როდის აპირებს პრემიერი პასუხისმგებლობის აღებას, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „დღეს“.