აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წაბლანასა და წაბლიანაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადაეცემათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობას შეხვდნენ და სიახლე პირადად გააცნეს.
''ბრძანებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელი უკვე მოაწერა. 1 095 000 ლარი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 219 ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ ოჯახებს ბინები 2019 წელს გადაეცა'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წაბლანის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.
წაბლანას მკვიდრები აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს მართავდნენ. ისინი სოციალური ბინების გარემონტებას ან სარემონტო თანხას ითხოვდნენ.