სოფელ კაპანდიბში, მორთულაძეების სახლთან მეწყერი ჩამოწვა

22 ივლისი 2021, 14:02 5030 ნახვა

სოფელ კაპანდიბში, მორთულაძეების სახლთან მეწყერი ჩამოწვა, მეწყრული პროცესები დილიდან გააქტიურდა.

ოჯახის ინფორმაციით, მიწის მასა სახლთან, პირველად დაახლოებით 7 თვის წინ ჩამოიშალა, რის გამოც 7 წევრიანი ოჯახი მერიამ ქირით გაიყვანა, ხოლო ტერიტორიაზე ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

ოჯახმა ფერდსამაგრი სამუშაოები კომპანიას 3 დღის წინ შეაჩერებინა, მიზეზად კი გამაგრებითი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებას ასახელებენ.

მათივე განცხადებით, სახლთან ახლოს მეწყრული პროცესები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოფელში გაზიფიცირების პროექტი დაიწყო.

შპს "მათეში" განმარტავენ, რომ ისინი მიყვებიან პროექტს, რომელიც სამუშაოებს ალმირების არ ითვალისწინებს.  ოჯახის წინააღმდეგობის გამო კი არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოები შესაძლოა ვადებში ვერ მოესწროს.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეს უამინდობის გამო, მეწყრული პროცესები სულ 4 ლოკაციაზე განვითარდა. 

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ოჯახებს კომისიური წესით შეისწავლიან და აღნიშნულის შემდეგ გადაწყდება მათი დახმარების საკითხი. რაც შეეხება კონრეტულად მორთულაძეების ოჯახს, განმარტავენ, რომ მათი შესწვალა მოხდა, დაიდო პროექტი, რომელიც ფერდსამაგრი სამუშაოების ალმირების გარეშე ჩატარებას ითვალისწინებს. 

მერის მოადგილის განცხადებით, პროექტი სწორად მიმდინარეობს და არანაირი ხარვეზი არ ფიქსირდება, თუმცა ოჯახის მოთხოვნის გამო მას განმეორებით კიდევ შეისწავლიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში