რეგულაციები, რომ სრულდებოდეს დღეს 2600 შემთხვევა არ გვექნებოდა - გაბუნია ბათუმის ბულვარში არსებულ სიტუაციაზე 

20 ივლისი 2021, 14:18 1762 ნახვა

სამწუხაროდ ბათუმის ბულვარში სეირნობის საშუალება არ მომცემია, რომ დავაკვირდე იქ რა სიტუაციაა - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კითხვას, რომელიც ზღვისპირა ქალაქში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა. ჟურნალისტმა თამარ გაბუნიას უთხრა, რომ სანაპიროზე კლუბების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს, ასევე მოქალაქეები იხდიან ქორწილებს, რაც რეგულაციებით აკრძალულია. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიდგომები ყველასთვის ერთნაირია.

თამარ გაბუნიას თქმით, ფურცელზე არსებული რეგულაციები, რომ სრულდებოდეს დღეს 2600 შემთხვევა არ იქნებოდა. 

,,რეგულაცია ერთნაირად მოქმედებს ყველასთვის, შრომის ინსპექტორი ერთნაირად დადის ყველა დაწესებულებაში და თუ რამე დარღვევას ნახავს, აჯარიმებს. სამწუხაროდ ბათუმის ბულვარში სეირნობის საშუალება არ მომცემია, რომ დავაკვირდე იქ რა სიტუაციაა. შრომის ინსპექცია ამას ამოწმებს და ერთი სტანდარტია ყველასთვის. რა გამონაკლისებზე გვაქვს საუბარი არ ვიცი, ალბათ კონკრეტული ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ თუ მოლოდინი გაქვთ, რომ რეაგირება გვქონდეს. ეს კონკრეტული კლუბი რომელია უნდა ვიცოდეთ.

ის რეგულაცია, რომელიც დღეს ფურცელზე არის და კანონმდებლობა მოითხოვს, რომ სრულდებოდეს დღეს 2600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა. პასუხიმგებლობა არის გაზიარებული. მონიტორინგი მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინტიტუციები მათი შესაძლებლობის ფარგლებში მონიტორინგს ახორიციელებენ, თუმცა დამრღვევის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ის, რომ ჯარიმა გადაიხადოს და ამის შემდეგ მშვიდი სინდისით გააგრძელოს გართობა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და აქ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სამთავრობო სექტორთან თუ არ გაზიარდა ვიქნებით მუდმივად ამგვარ რთულ მდგომარეობაში.'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში