უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა

19 ივლისი 2021, 11:18 1225 ნახვა

ორ უკრაინელი მეზღვაური და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ინფორმაციას დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია ადასტურებს.

რამდენიმე დღის წინ ბრალდებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის თქმით, უკრაინის მოქალაქეებს შეწყალების განაცხადის დაწერა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. უფლებადამცველი ფიქრობს, რომ გათავისუფლება საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება. 

''14 ივლისს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც მშვიდობიანი დავის უფლებით მოსარგებლე პირები 4 წლით გამოამწყვდია ციხეში. მათგან ორი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინა სრულად იყო ინფორმირებული თუ როგორ მიმდინარეობდა, პოლიტიკურად მოტივირებული, დევნა მათ წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, დიპლომატიური სკანდალის საფრთხე შეიქმნა. ამ დღეებში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმებოდა ქვეყანაში და 15  ივლისს ციხის ადმინისტრაციამ შესთავაზა უკრაინელ პატიმრებს შეწყალების განაცხადის დაწერა, რაც შეეხება სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრისთვის ეს არ შეუთავაზებიათ. 

ვოლოდიმირ დიაჩენკომ და იური ხომიჩმა უარი განაცხადეს შეწყალების თხოვნის დაწერაზე, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. მათთვის ასევე გაუგებარი იყო, თუ ჯგუფურ ძალადობას  ედავებოდნენ, ქართველ მსჯავრდებულს რატომ ტოვებდნენ ციხეში. ეს მორალურად გაუგებარი და მიუღებელი იყო.

იძულებული გახდა ქართული მხარე, რომ სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, რაც ლუსტრაციაა და მაჩვენებელია იმისა, რომ ეს ხალხი ამდენი თვის განმავლობაში ციხეში უკანონოდ იყო“, - განაცხადა ბასიალიამ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის ორი მოქალაქეს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ბატურინს ოთხ წლიანი პატიმრობა 14 ივლისს მიუსაჯა. ისინი 28 ნოემბერს დააკავეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი