ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

30 ივნისი 2021, 10:32 1809 ნახვა

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 

14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურინეტებს მოუწოდებს ყველა გამოცდაზე თან იქონიონ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამდასტურებელი მოწმობა. მათვე განმარტებით, აბიტურიენტები გამოცდებზე დაგვიანების შემთხვევაში არ დაიშვებიან.

"აბიტურიენტმა გამოცდაზე გასვლის წინ კარგად უნდა შეამოწმოს საგამოცდო ცენტრის მისამართი და გამოცდაზე გამოცხადების დრო, ასევე, საგამოცდო სივრცეში არ უნდა შეიტანოს აკრძალული ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები, რაც მისი გამოცდიდან მოხსნის საფუძველი გახდება"-აცხადებს სოფიო გორგოძე.

წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამიტომ ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მოსვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არა უადრეს 14 დღისა.

ცენტრში აცხადებენ, რომ 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გათვალისიწნებული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში