მსოფლიო ბანკი მზადაა, საქართველოს მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებაში კონსულტაციები გაუწიოს - პრემიერი

18 ივნისი 2021, 18:19 661 ნახვა

"მსოფლიო ბანკი მზად არის, საქართველოს მთავრობას ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავების მიმართულებით გაუწიოს კონსულტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მხარეებმა ის პროექტები განიხილეს, რომელთაც მსოფლიო ბანკი საქართველოში ახორციელებს და რომელთა განხორციელებასაც გეგმავს.

"მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდესს, რომელიც გვეწვია საქართველოში. ქალბატონ ანასთან მქონდა პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს მსოფლიო ბანკთან აკავშირებს. განვიხილეთ ჩვენი პროექტები, ის ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი მართავს ჩვენს ქვეყანაში. მინდა შეგახსენოთ, რომ პორტფელის საერთო მოცულობა შეადგენს 2,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დაახლოებით 70-მდე პროექტის დასაფინანსებლად. ამჟამად ბანკის მიმდინარე 13 აქტიური პროექტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით მილიარდ დოლარს, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

მადლიერებით მინდა აღვნიშნო მსოფლიო ბანკის ჩართულობა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით. ვისაუბრეთ ასევე პროფესიული განათლების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით ერთობლივად უფრო მეტი ძალისხმევის განხორციელებაზე. ასევე ენერგეტიკის მიმართულებით, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ. ასევე ქალბატონ ანას გავაცანით ჩვენი ხედვა, რომელიც შეეხება მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მომზადებას. მთავრობა აქტიურად მუშაობდა ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე პირველი დრაფტი, დოკუმენტი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი უკვე მათ შორის ჩვენი ძალიან წარმატებული დონორისთვის, მსოფლიო ბანკისთვის და მე მას ვთხოვე აქტიურად ჩართვა ამ პროცესში, რათა მეტი რჩევა და კონსულტაცია მივიღოთ ამ მიმართულებით, რათა კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, რაზეც მე მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"განვიხილეთ კოვიდპანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში. მინდა, ბანკს საჯარო მადლობა გადავუხადო.

ჩვენ წარმატებით მოველაპარაკეთ უშუალოდ ვაქცინის მწარმოებელს, როგორიც არის „ფაიზერი“, ასევე ვაქცინები მივიღეთ „კოვაქსის“ პლატფორმიდან – „ასტრაზენეკა“, „ფაიზერის“პირველი პარტია. ახლა ველოდებით ჩინურ ვაქცინებს, რომელიც ასევე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული. ამ მიმართულებით წარმატებით ვმუშაობთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და არეალი, რაც ჩვენ წლებია, გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა, ქალბატონ ანას მადლობა გადავუხადო,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში