ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მხარეებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს და საპროცესო შეთანხმება გააფორმეს 

17 ივნისი 2021, 14:37 2129 ნახვა

ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეს, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილავდნენ, ნაფიცი მსაჯულები გამოეთიშნენ. მხარეებმა საპროცესო შეთანხმებაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. მხარეებმა არსებითი განხილვით განაჩენის გამოტანაზე უარი თქვეს და ბრალდებულს 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 8 წელს საპატიმროში გაატარებს, ხუთი კი პირობითი მსჯავრია. 

ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა. ის ბრალს აღიარებს. 

"საქმის განხილვის დროს ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. აღნიშნულის და დაზარალებულების პოზიციების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმებით ,განისაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა  პირობითად.

ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და დაზარალებული მხარე თანახმა იყო ბრალდებულის მიმართ გათვალისწინებულიყო კანონით გაწერილი შეღავათები. ამდენად, ჩვენს მიერ გათვალისწინებული იქნა ეს გარემოება და გავრცელდა კანონით გათვალსწიენბული შეღავათები, თუმცა ის ცნობილი იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა''- განაცხადა საქმის პროკურორმა. 

ქედაში მკვლელობა გასული წლის 2 ოქტომბერს მოხდა, გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გია ბ.-მ თავისივე ბიძაშვილი  მოკლა რამდენიმე ახლობლის და მათ შორის, მამის თვალწინ. გამოძიების ვერსიით,  მკვლელობის იარაღი დანა იყო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში