პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

15 ივნისი 2021, 17:36 1014 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანს, ჰელგა მარია შმიდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ეუთოს მნიშვნელოვან ჩართულობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზი გაესვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. პრემიერმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების საკითხის დაყენებას ყველა დონეზე, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ODIHR-ის ჩართულობას არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანამ ODIHR-ის დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა მიიღოს.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს აქტიურ როლსა და ჩართულობაზე ეუთოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ადამიანის უფლებებისა და გენდერის მიმართულებით.

ეუთოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა კავკასიის საკითხებში საქართველოს მედიაციას და ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი