საპარლამენტო ტრიბუნასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ მიუშვეს

08 ივნისი 2021, 18:34 1061 ნახვა

"ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, პლენარული სესია დასრულებულად გამოაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ, უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს სესიას და სხდომას.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სესიის დარბაზში შესვლიდან 10 წუთში უმრავლეოსობამ სხდომა დაასრულა და მთავარ ოპოზიციურ ძალას, შიშის გამო გაექცა, რომელსაც დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი ქონდა.

"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს სესიას და სხდომას. მას შემდეგ რაც ჩვენ ვთქვით, რომ მონაწილეობას მივიღებთ ისეთი საკითხების განხილვაში, რაც აწუხებს საზოგადოებას. "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სესიის დარბაზში შესვლიდან 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა სხდომის დარბაზიდან. ისინი, "ქართული ოცნება", ჩამოშლილი ხელისუფლება გაექცნენ შიშის გამო ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა, რომ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა. მათ ასევე შეეშინდათ ნიკა მელიას ფრაქციის დროით გამოყენებული პოლიტიკური მიმართვის და ასევე შეეშინდათ ყველა ჩვენი წევრის ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობის,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებას,  ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისივე  თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება თუ უნდოდა, რეგლამენტის თანახმად, ეს პროცედურა სამშაბათს, 12:00 საათზე იწყება.

"პოლიტიკური განცხადების გაკეთება თუ უნდოდათ, ჩაგვაყენონ ხოლმე საქმის კურსში და გავითვალისწინებთ. ჩვენ არ დაგვესიზმრებიდა პოლიტიკური განცხადებები თუ უნდოდათ. პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება იწყება სამშაბათს, 12:00 საათზე, ამის შემდეგ მაინც რომ იცოდნენ. გაგრძელდა სამი საათის განმავლობაში. პარლამენტს აქვს თავისი დღის წესრიგი და ისწავლიან, ნელ-ნელა" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში დღეს მივიდნენ. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში