მოქალაქეები ბობოყვათში სანაპიროს გასწვრივ მიწების, აუქციონის წესით, გასხვისებას აპროტესტებენ

08 ივნისი 2021, 18:00 2124 ნახვა

ბობოყვათში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ და სანაპიროს გასწვრივ მიწების, აუქციონის წესით, გასხვისებას აპროტესტებენ. 

ისინი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ აუქციონი შეაჩეროს. 

ელექტრონულ აუქციონზე გატანილი 28,5 ჰექტარი, ქონების საწყისი ფასი კი 48 მილიონი ლარია. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რონ ეს მათი მამა-პაპისეული მიწებია, რომლის გასხვისებასაც სახელმწიფო აპირებს. მათივე თქმით, აღნიშნული მიწები 7 გვარის, ჯამში 150 ოჯახის საკუთრებაა. დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი არქივიდან ამოიღეს.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ დაპირების მიუხედავად მიწების დაკანონება წლების განმავლობაში ვერ მოახერხეს. მიმართეს მიწის დაკანონების აღიარების კომისიასაც, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. 

პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიის სწორი ურბანული განვითარება უნდა უზრუნველყოს. პროექტი ასევე ვერტმფრენის ასაფრენ–დასაფრენი მოედნის მოწყობას, ვილებისა და თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობას მოიცავს.

ბობოყვათის მკვიდრები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ. 

მათ მოთხოვნას წერილობით უპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სადაც განმარტებულია, რომ ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და მისი განკარგვაც შესაბამისი კანონის საფუძველზე ხორციელდება

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი