პირი, რომელიც ბავშვებს ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ ავარჯიშებდა 1000 ლარით დაჯარიმდა

07 ივნისი 2021, 15:20 914 ნახვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა. საქმე ეხება, სოციალურ მედიაში გავრცელებულ, ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევებს .

სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ ფიზიკურ პირს, რომელიც აღნიშული მეთოდით პაციენტებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ე.წ. სამედიცინო მომსახურებას უწევდა, ჯანდაცვის სამინისტროს ერთიანი სასერტიფიკაციო მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გააჩნია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში, მათ შორის: პედიატრია, ნეონატოლოგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია.

"ზემოაღნიშნულით დაირღვა, როგორც „საექიმო საქმიანობის შესახებ“, ასევე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჩაბარდა სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირს განესაზღვრა სანქცია 1000 ლარის ოდენობით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პედიატრიული და ბიოეთიკის ასოციაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული მეთოდით მკურნალობა არ არის დანერგილი სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი პრაქტიკა. ამასთანავე, აღნიშნული სერვისის მიწოდება ხორციელდება არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის მიერ. ასევე არ იწარმოება სამედიცინო დოკუმენტაცია, რითიც ვერ დგინდება დაავადების ნოზოლოგიის არსებობა და გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს პირის მიერ მიწოდებული სერვისის კლინიკური შეფასება.

იმის გამო, რომ არ არსებობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული დასკვნა არსებული სერვისის სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენების შესახებ, სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით მშობლებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ბავშვებთან მსგავსი ტიპის ჩარევების გამოყენების დროს"-აცხადებენ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში