ლარი გამყარდა - Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0513 ლარად ივაჭრება

04 ივნისი 2021, 13:15 1858 ნახვა

უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 35 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება ახლა 3 ლარსა და 15 თეთრს შეადგენს. 

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0513 ლარად ივაჭრება.

ეკონომიკის ექსპერტები ლარის გამყარებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათი განცხადებით, ის დაკავშირებულია აპრილში ყველა პროგნოზზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან, ეკონომიკის გამოცოცხლებასა და პოზიტიურ მოლოდინებთან.

"ლარის კურსის გამყარება დაკავშირებულია აპრილში ყველა პროგნოზზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან. იანვარ-აპრილის მონაცემითაც ჩვენ გვაქვს 8%-ზე მაღალი ზრდა რაც მაღალი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, გამყარებაზე იმოქმედა ეკონომიკის გამოცოცხლებამ და ზაფხულთან დაკავშირებულმა პოზიტიურმა მოლოდინებმა და გაცილებით სწრაფი ტემპით საერთაშორისო ტურიზმის აღდგენამ"-განაცხადა გიორგი ცუცქრიძემ.

ექსპერტთა შეფასებით, თუკი ლარის გამყარების ტრენდი შენარჩუნდა, 2-3 თვეში ეს ინფლაციასაც მოიყვანს კორელაციაში და სამომხმარებლო ფასებიც დაიწევს.

განახლებულ მონაცემებს ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში