ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ კიდევ ერთ ახალი საოჯახო ტიპის სახლი გახსნა. რიგით მე-7 სახლი ბათუმში იწყებს ფუნქციონირებას, რის შედეგადაც, კიდევ 5 შშმ პირი შეძლებს დახურული ინსტიტუციის ნაცვალად საოჯახო გარემოში ცხოვრებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრობას.
„ჩვენი ახალი მაცხოვრებლები არიან როგორც დიდი ზომის ინსტიტუციებიდან, ასევე სხვა კატეგორიის შშმ პირები. მაგალითად ბავშვები, რომლებიც მცირე საოჯახო საცხოვრისებში იზრდებოდნენ, თუმცა სრულწლოვანების შემდეგ, ინსტიტუციაში გადასვლის რეალობა დაუდგათ. საბედნიეროდ მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ჩვენთან, ისეთივე მყუდრო და ოჯახურ პირობებში, როგორშიც ბოლო წლებში ცხოვრობდნენ.
ჩვენს ბენეფიციარებს შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ სათანადო მხარდაჭერა და ახლა ჩვენი დახმარებით ეს ბენეფიციარები მაქსიმალურად კომფორტულ და ადაპრირებულ გარემოში იქნებიან. მათაც ზუსტად ისე შეუძლიათ საზოგადოებაში, ბუნებრივ გარემოში ცხოვრება, როგორც ყველა სხვა ადამიანს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ საწყის ეტაპზე, დამოუკიდებელი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლაში მათ ასისტენტების მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამას აკეთებს „ხელი ხელს“-, განაცხადა „ხელი ხელს“ დამფუძნებელმა მაია შიშნიაშვილმა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შშმ პირებმა იზოლირებული სისტემიდან გამოსვლის შემდეგ დაამტკიცეს, რომ საოჯახო ტიპის საცხოვრისი დიდი ზომის ინსტიტუციის ერთადერთი სწორი და ჰუმანური ალტერნატივაა.
„ხელი ხელს“ სახლების მაცხოვრებლები საოჯახო გარემოში გადმოსვლის შემდეგ სრულ დამოუკდიებლობას ეჩვევიან: თავად წყვეტენ რა სურთ; თავად არიან ჩართული ყველანაირ საოჯახო საქმეში; თავად წარმართავენ ყოველდღიური გამოწვევებისა და საჭიროებების მენეჯმენტს; აქვთ სრული ჰარმონია სოციუმთან და გარემოსთან. აღსანიშნავია ისიც, რომ საოჯახო საცხოვრისებში გადმოსვლის შემდეგ, მათ შეუძლიათ დასაქმდნენ, რითაც კიდევ უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან საზოგადოებას"- აცხადებენ ორგანიზაციაში.