ხელვაჩაურში შპს „ფასთ თრექის“ სამკერვალო ფაბრიკაში, გუშინ რამდენიმე თანამშრომელი მოწამლა. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ ეს შესაძლოა ფრინველის ხორცს უკავშირდებოდეს, რომელიც დასაქმებულების მენიუში იყო.
მისივე განმარტებით, კომპანიასთან, რომელიც საკვებით ამარაგებდა ხელშეკრულება უკვე გაწყვიტეს.
"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კვებით მომსახურებას ''ანაკარა კატერინგი'' გვიწევდა, რომელის სათაო ოფისი თბილისში არის და საქართველოს სხვადსხვა რეგიონში მუშაობს. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები. დალუქვით არაფერი დალუქულა, იმიტომ რომ აღნიშნული კომპანია მზა პროდუქციას გვაწოდებს. როგორც ჩემთვის ცნობილია, დროებით წარმოება შეუჩერდათ და ჩვენც მათთან კონტრაქტი გავაუქმეთ და სხვა კომპანიებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. გვაქვს ეჭვი, რომ მიზეზი ფრინველის ხორცი იყო, თუმცა საბოლოო პასუხს გამოძიება და ექსპერტიზა იტყვის. აქ რანგირება არ არსებობს, რომ დირექტორი სხვა საკვებს მიირთმევს, ყველა ერთ სამზარეულოში ერთი მენიუთი იკვებება'' - აცხადებს დავით ჩავლეიშვილი.
"ანკარა კატერინგში'' აცხადებენ, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
კომპანიის თანამშრომლის ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტებს მათთან შენიშვნები არ ჰქონიათ. რაც შეეხება ეჭვს, რომ შესაძლოა ფრინველის ხორცი ყოფილიყო ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, ამბობენ რომ ხორცი იმ დღეს თავადაც მიირთვეს, თუმცა არ მოწამლულან.
სანამ ლაბორატორიული კვლევების შედეგები არ იქნება ცნობილი, კომპანიას საქმიანობა ეკრძალება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ჯამში როგორც თვითდინებით, ასევე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადების მიერ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 65-მა პირმა.
ნონა ეფაძის განცხადებით, 63 პაციენტი უკვე გაეწერა. რაც შეეხება ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზს, ეფაძის განმარტებით, მას კვლევა დაადგენს.
"გუშინ ერთ-ერთ ფაბრიკაში დაფიქსირდა სავარაუდო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა, დაავადდა ფაბრიკის თანამშრომლები. ჯამში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ, ასევე თვითდინებით სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 65-მა პაციენტმა, უმეტესი მათგანის მდგომარეობა იყო მსუბუქი. დღეს დილით, 63 პაციენტი გაეწერა, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება მხოლოდ 2 პაციენტი. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე, მათ უტარდებათ კვლევები, მკურნალობა და სავარაუდოდ, დღის ბოლოს, მოხდება მათი გაწერა.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად და მიზეზს სწორედ ეს კვლევა დაადგენს"-განაცხადა ნონა ეფაძემ.
სამკერვალო ფაბრიკაში სულ 400-მდე პირია დასაქმებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.