ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმის დასრულებას - პრეზიდენტი

26 მაისი 2021, 11:50 1073 ნახვა

2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ, 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70 წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას-საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.

2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ, 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70 წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას.

სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოშ ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მეთერთმეტე არმიის თავდასხმის და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსების. ბრუნდება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში.

საზეიმო დღეა, რამე თუ 100 წლის შემდეგ ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი მთაწმინდის პანთეონში, ქვეყნის გამოჩენილი შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს.

ეს დღე ასევე ეძღვნება ქართული ჯარის დაუღალავ შრომას დამოუკიდებლობისთვის, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის მათაც ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა.

გამარჯვებაა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო. ომს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას. ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ დაღდასვლას.

ამ ურთულეს რეგიონში, საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. დღეს დადგა დრო, რომ ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი. მის მემუარებში ახსნილია დიდ წილად რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი. მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, გულგრილობა და პარტიული ამბიციების წინ დაყენება. ესაა ის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ.

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად - პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციის, სოციალ-ეკონომიკური კრიზისის თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემის, როგორიცაა, „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და რაც მთავარია, ერთობა"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი