"ნამახვანჰესის" ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას - "ენერგეტიკის განვითარების ფონდი"

25 მაისი 2021, 20:33 1078 ნახვა

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც "ნამახვანჰესის" შესახებ დადებულ ხელშეკრულებას ეხება. 

"ვინაიდან ფონდი წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და ჩართული იყო კონტრაქტის მომზადებასა და შეჯერებაში, გვსურთ, განვმარტოთ შემდეგი:

ისეთი კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, როგორიცაა BOO (მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის) ხელშეკრულების პროექტი არაერთ ეტაპს მოიცავს. არამართებულია დღეს გავრცელებული დოკუმენტების სპეკულატიურად, სათანადო კონტექსტის გარეშე აღქმა.

იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა ხელშეკრულების იურიდიულ ასპექტთან დაკავშირებული შენიშვნები, რომელიც არ ეხებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილს. შენიშვნებთან დაკავშირებით მომზადდა მეორე დოკუმენტი – „შეთანხმების ფურცელი“, რომელიც განიხილა მთავრობამ და რომელსაც დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროც. იუსტიციის სამინისტროს საბოლოო თანხმობის და ვიზირების გარეშე მთავრობა ვერ გააფორმებდა საბოლოო ხელშეკრულებას.

დღეს მედიაში გავრცელდა როგორც იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები, აგრეთვე მთავრობის სხდომაზე განხილული შენიშვნების ფურცელი. დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი დოკუმენტები დგება ყველა იდენტური შემთხვევისაც, როდესაც ამგვარი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა დგება.

„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას და „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ, გავრცელებული დოკუმენტების გამოყენებით და სპეკულაციით ნუ გააჩენენ საზოგადოებაში მცდარ განცდებს, თითქოსდა რაიმე საიდუმლოსთან ან მხილებასთან გვაქვს საქმე.

იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში შემავალი ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულ იქნა, ხოლო არასავალდებულო შენიშვნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასაბუთებაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგა, რაც ასახულია შენიშვნების ფურცელში“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი