გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს - სოლომონ პავლიაშვილი

12 ოქტომბერი 2024, 10:50 248 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილმა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) საბჭოს სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საქმიანობის და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ პროცესში აღსანიშნავია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის როლი და მნიშვნელობა. ევროპული მწვანე შეთანხმების გეგმის შესრულების და კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზების პროცესში ცენტრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტიანია, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

უწყების ცნობით, შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"შეხვედრის ფარგლებში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ახობაძემ ცენტრის 2023-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

 

საუბარი შეეხო მეურნეობებში ინოვაციური ტექნიკების დანერგვის, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლის, საძოვრების მდგრადი მართვისა და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის, ასევე, აკვა ეკოსისტემის და ტყის, როგორც ბუნებრივი რესურსის მდგრადი განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებს. სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმებიც განიხილეს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში