დღეს დილიდან, ოზურგეთში ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესის“ ოფისთან ხმაური იყო.
საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის მეპატრონეს გზა გადაუკეტეს, რითაც პროდუქციის გამოტანისა და ტრანსპორტირების საშუალება არ მისცეს.
გაფიცულების ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ფქვილის საწარმოს დამსაქმებელმა საწარმოში, ახალი მუშა ხელი შეიყვანა, რათა სამუშაო პროცესი არ შეჩერებულიყო და გაფიცული მუშები ჩაენაცვლებინა.
გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ.
შპს "გურია ექსპრესის" იურისტი აჭარის მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ საწარმოს ადმინისტრაცია გაფიცულ მუშებთან მოსალაპარაკებლად მზადაა. მისივე თქმით, რაც შეეხება გაფიცულების ძირითად მოთხოვნას, ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ვერ დაკმაყოფილდება.
"საწარმოს ადმინისტრაცია გამორიცხავს ხელფასების მატებას, რადგან ეს ქვეყანაში შექმნილი პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე ვერ მოხერხდება"- აცხადებს კომპანიის იურისტი.
საწარმოს გაფიცულ მუშებთან ერთად, პროტესტს მათი ოჯახის წევრებიც უერთდებიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.
„გურია ექსპრესის“ თანამშრომლები უკვე 22 დღეა, გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და შრომის ღირსეული პირობებია.