ულტიმატუმი და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა - ნათია თურნავა 

24 მაისი 2021, 13:41 788 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ულტიმატუმი და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა. ნათია თურნავა მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. 

მინისტრი ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს შესაბამის ფორმატში და არა ქუჩაში. 

''მიუღებელია მოწოდება - დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ, იმიტომ რომ კოვიდმა ისედაც პარალიზება გამოიწვია. ახლა ვცდილობთ და ვმუშაობთ ეკონომიკა გავხსნათ და ავამოქმედოთ.

პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე. ხელისუფლება ვალდებულია ასეთ დროს  ყველა კითხვას გასცეს პასუხი, თუმცა როდესაც საუბარი არის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე ეს პასუხები კომპეტენტურად უნდა გაიცეს, ექსპერტების ჩართულობით. არა ქუჩაში, არა კარვებში და არა მეგაფონის მოშველიებით, ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს პროექტის შესახებ სიმართლე. ბევრი მითი და ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ვცდილობთ ეს მითები გაქარწყლდეს.

ხელისუფლებამ მიაღწია შეთანხმებას, რომ სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე, 12 თვის განმავლობაში'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრმა აქციის მონაწილეების მხრიდან დღეს მისი გადადგომის შესახებ გახმოვანებულ მოთხოვნასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ის, რომ არ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არ იქნებოდა.

"მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობასა და რომ ეს პროექტი ისევე როგორც სხვა, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის მე დღეს აქ არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგო სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი.

"ნამახვანჰესი" იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი გეგმა არის მხოლოდ დიალოგი და კომუნიკაცია სწორ ფორმატში, ექსპერტების და სპეციალისტების ჩართულობით და არა ქუჩის ფორმატში" - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი