სასამართლომ "რუსთავი 2-ის" უძრავი ქონება დააყადაღა

18 მაისი 2021, 14:23 628 ნახვა

“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანიის უძრავი ქონებას ყადაღა დაადო. ინფორმაციას ამის შესახებ დვალისა და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ყადაღა დაედო "რუსთავი 2-ის" უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას.

"სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით.

გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს"- აცხადებს კახა კოჟორიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში