აცრის დაჯავშნის საიტზე დაფიქსირებული ხარვეზების მიზეზებს სპეციალური სამსახური სწავლობს - ამირან გამყრელიძე 

13 მაისი 2021, 12:56 1144 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პორტალ https://booking.moh.gov.ge/-ზე დაფიქსირებულ ხარვეზზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის. 

''ტექნიკური საკითხების უმრავლესობა დილით 4 საათისთვის გასწორდა, დღესაც გრძელდება მთელი რიგი ხარვეზების გამოსწორება. შემოსვლისას კიდევ ერთხელ გადავამოწმე და ლაივის დასრულების შემდეგ კიდევ მოხდება გადახედვა. 

ჩვენი აიტი სამსახური ინტენსიურად მუშაობს. პირველ რიგში მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, არავის დაეკარგება ''სინოფარმის'' აცრა და ვაქცინა დაეჯავშნებათ. თუ ხარვეზი არის დღის განმავლობაში გასწორდება. სამწუხაროდ ხდება ასე, ტექნიკასთან გვაქვს საქმე. ვსწავლობთ ხარვეზის გაჩენის მიზეზებს. უკვე რამდენიმე თვეა ეს პორტალი მუშაობს და ამ ტიპის დაბრკოლება არ ყოფილა, ამიტომ ეს შესასწავლია მრავალმხრივ,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ ვაქცინაზე რეგისტრაციის პორტალი იმ პირებისთვის გაიხსნა, ვისაც “სინოფარმის” მეორე ინექციის ჩატარება პირველიდან ზუსტად 21-ე დღეს სურს. იმ ადამიანებს კი ვისაც 21-დან 28 დღის შუალედში სურს იმუნიზაცია ვაქცინის მეორე დოზით, ჯავშნის ფანჯარა 20 მაისს გაიხსნება.

''ეტყობა მაინც, რადგან ზოგადად ჩვენი საკომუნიკაციო კამპანიები მოიკოჭლებს და არ იყო ზუსტი ინფორმაცია, გამოიწვია პორტალის გადატვირთვა. ძალინ ბევრმა ადამინმა მიიღო, რომ გაიხსნა რეგისტრაცია და ამ 17 000 აცრილს უნდოდა, რომ სწრაფად დარეგისტირებულიყო'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

მისივე განმარტებით, თუ რაღაც პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს „სინოფარმის“ მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ მეორე დოზა შესაბამისად მიიღონ.

ქვეყანაში „სინოფარმით“ აცრილია 17492 ადამიანი, ასევე ჯავშანი აქვს გაკეთებული 26577 ადამიანს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი