"ვითხოვთ კუთვნილი ქონების უკან დაბრუნებას"- საპროტესტო აქცია ბათუმში

07 მაისი 2021, 13:47 3010 ნახვა

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალე #152- ში მცხოვრები ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ და ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა კორპუსის მშენებლობის მიზნით 2000 კვ/მ მიწის ნაკვეთი მინდობილობით გადაიფორმეს და  ხელშეკრულება გააფორმეს თითოეულ ოჯახთან გაწერილი ვალდებულებებით, რაც შემდგომში კომპანიამ არ შეასრულა.

" მოვიდნენ, შემოგვთავაზეს ფართები და პირობები, ხელშეკრულება გავაფორმეთ. გვეუბნებიან ნებართვა მიღებული გვაქო, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, მერიაში განაცხადი არ აქვს შეტანილი .  უკვე სამი წელი გავიდა. მივმართეთ სასამართლოს და ველოდებით პროცესის ჩანიშვნას. 2020 წლის მარტში უნდა ჩაებარებინა მშენებლობა. ვითხოვთ კუთვნილი ქონების უკან დაბრუნებას"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ კომპანია თაღლითური გზით დაეუფლა სხვის ქონებას.  მათივე განმარტებით, ხელშეკრულებაში თოთოეულ მათგანს უწერია გონივრული ვადა, კონკრეტული თარიღი გაწერილი არ არის, რითაც ისარგებლა ინვესტორმა და დღემდე ამ ქონების მეპატრონედ ითვლება. იქვე იმყოფებოდა თამაზ ბაკურიძეც.

"დაახლოებით 3 წლის წინ მოვიდა აქ ინვესტორი, მისი წინანადადება იყო მისაღები,  გააფორმა მინდობილობა, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები, ვალდებულებებიც გაიწერა. ეწერა, რომ თუ კორპუსს ვერ ააშენებდნენ ქონებას  ხალხს უბრუნებდა. ხედავთ, რომ არაფერი არ აშენებულა. ინვესტორი იმალება, ელექტროენერგია და გაზი მოდის გაორმაგებული, რადგან შპს-ზეა. მოსახლეობას იმის ნაცვლად, რომ სარგებელი ენახათ, ქონება წაართვეს. ახლა ინვესტორი რომ მოვიდეს, ისიც ვერ ააშენებს, რადგან ქონება შპს საკუთრებაა. 

ეს კაცი იმალება, ეტყობა ვიღაც მფარველი ყავს. სულ 12 ოჯახია"-აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

ზემოთხსენებული პრობლემებიდან გამომდინარე მოსახლეობა ვერ ახორციელებს კომუნალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში ვერ სარგებლობენ უძრავი ქონებით.

აღნიშნული ოჯახები დღემდე ბარაკებში ცხოვრობენ.

ტერიტორია ამ ეტაპზე შპს "ნიუ ფარმაცევტიკალის" საკუთრებაა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მშენებლობა პანდემიის გამო შეფერხდა, ქონების უკან დაბრუნებაზე კი წინააღმდგი არ არის.

"არასწორი ინტერპრეტაციაა მათი მხრიდან. იყო პროექტის განხორციელების მცდელობა ჩვენი მხრიდან. მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე ბანკებმა გააჩერეს სესხი და ვართ გაჩერებული. ქონების უკან დაბრუნება  შეგვიძლია ნებისმიერ დროს. ჯერ პროექტი უნდა გაუქმდეს. ვალდებულება ადევს ისედაც ამ ყველაფერს. რამდენიმე ინვესტორი თავად ჩავიყვანეთ, შევხვდით ამ ადამიანებს და ავუხსენით, რომ შეფერხება პანდემიიდან გამომდინარეა, დავილაპარაკოთ, დავაკორექტიროთ ეს ყველაფერი და დაიწყება მშენებლობათქო, თუმცა ამ ყველაფერზე არ მოგვყვებიან და მაშინ ვეუბნებით გადაივლის პანდემია, ავაშენებთ და გადმოგცემთ იმას რაც გეკუთვნით"- აცხადებს შპს "ნიუ ფარმაცევტიკალის" ირაკლი მიქელაძე .​

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი