თანამდებობა და სავარძელი არ არის "ქართული ოცნების" გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი - არჩილ თალაკვაძე

27 აპრილი 2021, 12:04 731 ნახვა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. არჩილ თალაკვაძემ დღეს, საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სჯობს პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც ამ მოლაპარაკებებში პირდაპირი მხარე არ იყო.

მისივე განმარტებით, შეთანხმებას სჭირდება მნიშვნელოვანი სამუშაოები და მათი ამოცანაა უმრავლესობა დარბაზში ძლიერი პოზიციებით იყოს წარმოდგენილი.

,,მიმაჩნია, რომ შეთანხმება იყო აბსოლუტურად სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ჩვენი პოლიტიკური პარტიის და ხელისუფლების მხრიდან. 

სჯობს პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც არ იყო პირდაპირი მხარე ამ მოლაპარაკებებში. მე, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს მოგვიწევს უკვე მნიშვნელოვანი დებატები და განხილვები ხელმომწერ ოპოზიციასთან, ვინაიდან ჩვენ ვიყავით ხელმომწერები.

 

ცხადია, რომ ამ შეთანხმებას დასჭირდება კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაო და ჩვენი გუნდის ინტერესია, რომ ჩვენი უმრავლესობა, დარბაზი იყოს ძალიან ძლიერი პოზიციებით წარმოდგენილი "-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ის მისი გადადგომის ირგვლივ გავრცელებულ ვერსიებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სავარძელი არ არის "ქართული ოცნების" გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი.

"მესმის, რომ მათ ვისაც აქვთ სენტიმენტები სკამებთან დაკავშირებით, ამ ოპონენტებს არ სჯერათ, რომ  შეიძლება ადამიანმა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები. მაგრამ მე არა ერთხელ მითქვამს, რომ თანამდებობა და სავარძელი არ არის "ქართული ოცნების" გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი.

არიან ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ შეთქმულების თეორიები, მოგონილი სცენარები დაიჯერონ, ეს სწორედ ის ხალხია, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანმა თანამდებობაზე მოსვლა ან წასვლა შესაძლოა გადაწყვიტოს"-განაცხადა თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში