ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები შეზღუდვების შემსუბუქებას მოითხოვევნ. 12-მა ასოციაციამ ექვსი კონკრეტული მოთხოვნა წამოაყენა.
"აუცილებელია:
1. სასწრაფოდ მოიხსნას კომენდანტის საათი.
ქვეყანაში სამუშაო პროცესები წყდება ოთხი-ხუთი საათით ადრე, ამით ეკონომიკა ყოველდღე მილიონობით ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 20:00 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია.
2. ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადება.
ასეთი მზადების მაგალითს აჩვენებს არაერთი ტურისტული ქვეყანა, მაგალითად თურქეთი. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, უახლოეს პერიოდში უნდა მივიღოთ უცხოელი ტურისტი. მზადების გარეშე საგრძნობი რაოდენობის მიღებას ქვეყანა ვერ შეძლებს. სტუმარ-მასპინძლობის სექტორი განადგურებულია.
3. სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით).
სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებებისა და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.
4. დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი.
იმისთვის, რომ დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, აუცილებელია, გაძლიერდეს პროპაგანდა ვაქცინაციის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. დღევანდელი როგორც ვაქცინაციის პროცესი, ასევე პროპაგანდა, არადამაკმაყოფილებელია.
5. შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე.
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ყველაზე დაზარალებულია ამ კრიზისის დროს უნდა მოექცეს სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ. ეს ეხება როგორც ზოგიერთი დარგების დოტირებას, ასევე საგადასახადო წნეხის ან მოხსნას ან მინიმუმ შემცირებას.
6. შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება.
ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია დადებითი მესიჯებისა და პოზიტიური განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა დაკავებულია მხოლოდ უარყოფით მესიჯების გაჟღერებით"-ნათქვამია ბიზნესასოციაციების განცხადებაში.
ისინი პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და მზადყოფნას გამოთქვამენ, მონაწილეობა მიიღონ ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაში. ასევე მზად არიან ამ თემაზე სასაუბროდ დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა.