საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისამდე ქვეყანაში უქმე დღეები ცხადდება. მთავრობამ ასევე დამსაქმებლებს მიმართა, თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, თუ ვის არ შეეხება ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდება.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავრობის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დადგენილებაში კონკრეტული მითითება არ არის, ამიტომ კერო სექტორი თავად გადაწყვეტს უქმე დღეების პერიოდში იმუშაოს თუ დაისვენოს.
დადგენილებაში კონკრეტულად არ წერია შეეხება თუ არა უქმე დღეები სავაჭრო ობიექტებსა და სარესტორნო ბიზნესს. საკოორდინაციო საბჭოს წევრები დამატებით განმარტებებს, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გააკეთებენ.
ეს 2021 წლის განმავლობაში სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი 3-დან 15 იანვრის პერიოდს მოიცავდა. მაშინ ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობის 13 სფერო, რომელთაც დასვენების დღეების პერიოდში შეუფერხებლად მუშაობა შეეძლოთ.