ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

16 აპრილი 2021, 12:44 1257 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე გამოცდილი თურქი არბიტრები მოიწვია.

17 აპრილს გორის ''დილასა'' და ''დინამო'' ბათუმის შეხვედრას თურქი არბიტრი ბაჰათინ შიმშეკი მოემსახურება. ასისტენტები კი, ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში იქნებიან. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე ქორაი გენჩერლერი იმუშავებს.

შიმშეკი თურქეთის ჩემპიონატში 2012 წლიდან მსაჯობს. არბიტრმა ბოლოს 5 დღის წინ თურქეთის სუპერლიგაში 12 აპრილს ''კასიმპაშასა'' და ''მალათიასპორის'' შეხვედრაში იმსაჯა.

რაც შეეხება მეორე მატჩს ეს თბილისის ''ლოკომოტივის'' და ''დინამო'' თბილისის დაპირისპირება იქნება. დღეს გასამართ შეხვედრას ქორაი გენჩერლერი გაუძღვება. 42 წლის ფიფას არბიტრს ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ.

დინამო არენაზე დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი - ბაჰათინ შიმშეკი იქნება. 17 აპრილს მე-9 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მატჩი შუქურასა და თელავს შორის 14:00 საათზე დაიწყება, სამგურალი კი ტორპედოს საკუთარ მოედანზე 16:00 საათზე უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში