ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო

08 აპრილი 2021, 12:35 360 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღეს, 8 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.  სხდომა 13 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. 

მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს. მათი თქმით, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული.

პროცესზე ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაპირისპირება იყო. მოძრაობა “მელიების” წევრები სასამართლოს ეზოში შესვლას და აქციის გამართვას ცდილობენ, რისი საშუალებაც მათ სასამართლოს მანდატურის სამსახურმა და სამართალდამცავებმა არ მისცეს. ისმოდა შეძახილები “მონა”.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში